ბორჯომი (ქალაქი 1918 დან) არის მნიშვნელოვანი კლიმატური კურორტი, თბილისიდან 150 კმ-ის დაშორებით. იგი გაშენებულია ბორჯომის ხეობაში მდ. მტკვრის მარჯვენა შენაკადების ბორჯომულასა და გუჯარეთის წულის ნაპირზე. ქალაქსა და მის შემოგარენს უჭირავს მესხეთის ქედის აღმოსავლეთი და თრიალეთის ქედის დასავლეთი ნაწილი. ტერიტორია დაფარულია წიწვოვანი ტყით. ზღვის დონიდან 800-900 მ. მისი მცენარეულობა შედგება უმეტესად წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი) და ფოთლოვანი (მუხა, წიფელი, რცხილა) ხის ჯიშებისაგან. ბორჯომის ჰავის თავისებურება განპირობებულია კურორტის განლაგებით სუბტროპიკული ზონის დაბალმთიანი ტყის მონაკვეთში.
ბორჯომის დაარსება იქ აღმოჩენილმა მინერალურმა წყალმა განაპირობა. ბორჯომის ტერიტორიაზე 7 მეტრის სიღრმეში აღმოჩენილია ქვით ნაგები აბაზანების ნაშთები, რომლებიც მიჩნეულია I საუკუნის ნაგებობად. როგორც ჩანს აქაურ წყლებს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალოდ.